ბოილები
ისტორია, მითები და რეალობა
ინგლისელი მეთევზეების მიერ ბოილების გამოგონებამ, რომელიც გამოიყენება როგორც სატყუარას, ასევე მისაჩვევი საკვების, ან ნემსკავის "თმიანი აღკაზმულობის“ მონტაჟის სახით, გადაჭარბების გარეშე, რევოლუცია მოახდინა სატროფეო კობრზე თევზაობაში.
ახალმა მეთოდიკამ საშუალება მოგვცა არა მარტო გაგვეზარდა ნათევზავები, არამედ, ბოილების სელექციური მოქმედების წყალობით, მნიშვნელოვნად აგვემაღლებინა დაჭერილი თევზების საშუალო წონა. ამის გარდა, წყალსატევებში, სადაც დაჭერილ თევზს უკან აბრუნებენ, ანუ იცავენ პრინციპს: “დაიჭირე – გაუშვი“, მისაჩვევი ბოილების რეგულარული გამოყენების გამო კობრი დიდ ზომებს აღწევს, რადგან ბოილები მრავალ სასარგებლო ინგრედიენტს შეიცავს, რაც უზრუნველყოფს თევზის შედარებით სწრაფ ზრდას.
და თუ ჯერ კიდევ 30 წლის წინ 15 კგ წონის კობრის დაჭერა შესანიშნავ შედეგად ითვლებოდა, დღეს კობრზე ანკესით თევზაობის აქტივში უკვე რამდენიმე თევზია, რომელთა წონამ 40 კგ-ს გადააჭარბა. მსოფლიო რეკორდი კი ამჟამად 45,2 კგ-ია.
ამავე დროს, თავად „თმიანი აღკაზმულობის“ მონტაჟი უზრუნველყოფს დაჭერის დროს თევზის მინიმალურ დაზიანებას, რადგან ნემსკავი არასდროს არ ხვდება თევზის ლაყუჩებსა და ყელში, და მხოლოდ მის ტუჩს ეჭიდება. კარგი მადის მქონე კობრი ძალიან ხშირად დღეში რამდენჯერმე ხვდება ნემსკავზე.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ბოილს სხვა უპირატესობებიც აქვს კერძოდ:
- საშუალებას იძლევა შეიქმნას ხანგრძლივი მოქმედების მისაჩვევი საკვებური ზონა, რომელსაც წვრილი თევზები სწრაფად ვერ ანადგურებენ და, ამის გამო, მისაჩვევი საკვებურის სხვა სახეობებისგან განსხვავებით დიდხანს აყოვნებს კობრს საჭირო ადგილას. მისი შემადგენლობისა და ზომებიდან გამომდინარე, ბოილს შეუძლია მიმზიდველი თვისებები 3 საათიდან რამდენიმე დღემდე შეინარჩუნოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტროფეული თევზის ჭერისას, რომელიც საკმაოდ იშვიათად უახლოვდება მისაჩვევი საკვებურის ზონას თევზაობის პირველ საათებში. ეს უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღე-ღამის ბნელ პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია პერიოდული და ზუსტი დამატებითი კვება მისაჩვევი საკვებურების სხვა ფრაქციების გამოყენებით. ეს პერიოდი კი, ზოგჯერ, დღე-ღამის უმეტეს ნაწილს მოიცავს და კობრიც ზუსტად ამ დროს იჩენს უდიდეს აქტივობას, ყოველ შემთხვევაში – წელიწადის თბილ დროს.
- ბოილებით დამატებითი დოზირებული კვება თევზჭერის ადგილას, მასში თევზის ყოფნის დროს, საკმაოდ ეფექტური ტაქტიკაა. თევზის დაჭერის შემდეგ „კობრას“ საშუალებით 20-30 დამატებითი ბოილის წყალში ჩაგდება დაამშვიდებს სხვა თევზებს. ვფიქრობ, რომ ეს, დიდ დისტანციებზე დამატებითი კვების ერთადერთი და უალტერნატივო საშუალებაა, რომელიც არ აფრთხობს თევზს.
- ბოილები, რომლებიც სატყუარად გამოიყენება, უკეთ უძლებს არა მხოლოდ წვრილი თევზების, არამედ კიბორჩხალების შეტევასაც, რომლებიც მათ ასევე საკმაოდ ნოყიერ საკვებად მიიჩნევენ. კიბორჩხალების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნას მეთევზეებს. საქართველოს უამრავ წყალსაცავში გვხვდება კიბორჩხალა რომელიც ეფექტურად ასუფთავებს თევზისთვის განკუთვნილ სატყუარას ნემსკავისაგან.
- მისაჩვევის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, კონსერვანტების შემცველ და თერმულად დამუშავებულ ბოილებს შენახვის საკმაოდ დიდი ვადა აქვს. დახურულ პაკეტებში, მაცივრის გარეშეც კი, მათი შენახვა შესაძლებელია 2-3 წლის განმავლობაში ისე, რომ პრაქტიკულად არ დაკარგოს თავისი მიმზიდველობა. გაყინული ბოილების შენახვა 1-2 წლის განმავლობაში შეიძლება, ოღონდ უკვე საყინულეში და იმ პირობით, რომ დაცული იქნება შეფუთვის ჰერმეტულობა, რაც დაიცავს ბოილებს გარეშე სუნების აღებისა და ტენის აორთქლებისგან (გამოშრობისგან). ამ მიზნებისთვის ყველაზე უკეთ გამოდგება არა პოლიეთილენის პაკეტები, არამედ პლასტიკური კონტეინერები.
- ხარისხიანი ინგრედიენტებით დამზადებული ბოილები ადვილად ათვისებადია და მცირედ ანაყრებენ თევზს. ამასთანავე, საჭმლის მონელების პროცესი სულ 30 წუთი გრძელდება იმ ბოილებისთვის, რომლებიც სოიოსა და მანანის ფქვილზეა დამზადებული და არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. ბოილებით თევზის გაძღომა უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, სიმინდით ან ბარდით. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ 10 კგ წონის კობრს სადილად 2 კგ ბოილის ჭამა შეუძლია, რა თქმა უნდა, კარგი მადისა და წყალში დიდი რაოდენობით ჟანგბადის არსებობის პირობებში, რომელიც თევზს აუცილებლად ესაჭიროება საჭმლის მოსანელებლად.
„რომელ ბოილზე შევაჩერო არჩევანი?“- ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც კობრზე მეთევზე საკუთარ თავს უსვამს. და თუ გამოცდილი მეთევზეები არჩევანს აკეთებენ წელიწადის დროის, ამინდის, თევზჭერის ვადის, საკუთარი გემოვნებისა და ა.შ. გათვალისწინებით, ბევრი დამწყები მეთევზისთვის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული ამოცანაა. მრავალი ფირმის მიერ წარმოებულ, უდიდესი ასორტიმენტით წარმოდგენილ ბოილებში გარკვევა არ არის ადვილი არა თუ ახალბედისთვის, არამედ გაწაფული მეთევზისთვისაც კი.
ბევრი დამწყები მეთევზისგან გამიგია, რომ კობრი ბოილზე არ იჭერება და თევზი მას ჯერ უნდა მიეჩვიოს, რაზეც დიდი რაოდენობით მისაჩვევი საკვებური იხარჯება. მთლად ასეც არ არის საქმე. კობრზე ბევრ ისეთ წყალსატევში მითევზავია, სადაც მას ბოილი არ უნახავს. ზოგან პირველსავე დღეს ვახერხებდი თევზის დაჭერას, ზოგან კი ოთხი დღის განმავლობაში არც ერთი არ წამოგებულა ანკესზე. წარუმატებლობის მიზეზი, შესაძლოა, მრავალგვარი იყოს: არასწორად შერჩეული ადგილი, ამინდი, აღჭურვილობის შეუსაბამობა თევზჭერის პირობებთან და ა.შ. ისიც შესაძლებელია, რომ წარუმატებლობა ბოილის გამოყენებით იყოს გამოწვეული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოილების ხარისხი საეჭვოა. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ სატყუარა და მისაჩვევი საკვებური იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ ეჭვიც კი არ შეგვეპაროს მათ ეფექტურობაში.
მაგრამ აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ძალზედ ხშირად ყოფილა იგივე პოპულარული კოპტონით თევზაობისას 2-3 დღიანი თევზაობა უთევზოდ დასრულებულა, ასე რომ ბოილში არ არის საქმე, საქმე ჩვენს სკეპტიციზმშია, ასევე დიდი შრომისა და წვალების გარეშე ცხოვრების გაიოლებაშია და რა შუაშია აქ ბოილი, თუ ჩვენ ზედმეტი მუშაობა გვეზარება?
ასეთ შემთხვევებში უფრო მარტივია ყურადღების მიპყრობა თევზჭერის სხვა ასპექტებზე და მაშინ უფრო ადვილი იქნება წარუმატებლობის მიზეზის პოვნა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გჯეროდეს სატყუარასი. ეს მნიშვნელოვანია. და იმისათვის, რომ ეს რწმენა გაგვიჩნდეს, ზოგჯერ გარკვეული გზის გავლა გვიხდება, და გზის გავლისას დამარცხებაც შეიძლება ვიწვნიოთ.
დიდი ხნის წინ, მაშინ ერთ ერთი მაღაზიის დახლზე დავინახე ბურთულებიანი ქილა, რომლის შესახებაც მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა და გამყიდველს ვკითხე, კარგად იჭერებოდა თუ არა მათზე კობრი? გამყიდველმა სახეზე გაოცება გამოისახა და საიდუმლოდ გამანდო: „წაიღე და დაიჭირე“. მეც ავიღე და სამი თევზაობის განმავლობაში მასზე თევზს პირი არც ერთხელ არ მოუკიდია, თუმცა მანამდე, ამ სათევზე მეურნეობაში, მართალია წვრილი – ასე 1,5 კგ-მდე წონის, მაგრამ ათეულობით კობრი მყავდა დაჭერილი სხვა სატყუარებზე. სიმართლე რომ გითხრათ, ნაყიდი სატყუარა იმთავითვე არ იწვევდა ჩემში დიდ ნდობას, რადგან ძალზედ არაბუნებრივი, სინთეტიური სუნი ჰქონდა. ალბათ ამიტომაც საბოლოოდ არ დავკარგე თევზაობის ახალი მეთოდის რწმენა, და გადავწყვიტე, გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. მოთმინებისთვის ჯილდოც მივიღე - 2 კობრი, თითო 2-3კგ წონისა, რომელიც თვითნაკეთი ბოილების გამოყენებით პირველივე თევზაობაზე დავიჭირე.
თუ ჭარბთევზიან წყალსატევებში პირველი სამი თევზაობის დროს თევზი არც ერთხელ არ წამოეგო ანკესს, ეს სრულ საფუძველს გვაძლევს ეჭვი შევიტანოთ გამოყენებული პროდუქტის ხარისხიანობაში. მეორეს მხრივ, ბუნებრივ წყალსატევებში, სადაც თევზის სიმკვრივე მცირეა, კარგი სატყუარითა და მისაჩვევი საკვებურითაც კი შეიძლება მარცხი იწვნიო ზედიზედ რამდენიმე სესიის განმავლობაში, მაგრამ ასეთ შემთხვევებში, ვფიქრობ, ნაადრევია თქვენი ბოილების ცუდი სათევზაო თვისებების შესახებ დასკვნის გამოტანა.
განვიხილოთ ბოილების კლასიფიკაცია, რომელიც, იმედი მაქვს, არა მარტო დამწყებ მეთევზეებს დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. ბოილებს განასხვავებენ:
- დამუშავების მეთოდების მიხედვით;
- შემადგენლობის მიხედვით;
- ზომების მიხედვით;
- 4ფორმის მიხედვით;
- ცურვადობით;
- 6წყალში გახსნის დროის მიხედვით.
ეხლა ეს განსხვავებები უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.
დამუშავების მეთოდები.
გაყინული
ამ კატეგორიის ბოილებს თერმულად არ ამუშავებენ, უბრალოდ ყინავენ. მასში არ არის კონსერვანტები, რომლებიც, თუმცა არ აქვეითებენ თევზჭერისთვის ბოილის გამოყენების ხარისხს, ამგვარი ბოილის მთავარი ღირსებაა ის, რომ წყალში მოხვედრისთანავე სწრაფად იწყებს ატრაქტანტების გამოყოფას. მეორეს მხრივ, მას უფრო ადვილად ანადგურებს წვრილი თევზი და კიბორჩხალა. „კობრის“ საშუალებით და ამ სახის ბოილის გამოყენებით რთულია თევზის მისაჩვევი კვების განხორციელება. ასეთ ბოილებს ‘მხოლოდ ერთი თევზაობის განმავლობაში თუ გამოვიყენებთ. ისინი გაყინვის შემდეგ დიდხანს ვერ ძლებს და მარტო ის კი არ არის მთავარი, რომ რბილდება, არამედ ის, რომ მათ შემადგენლობაში შემავალი კვერცხი ფუჭდება, რაც შემდგომში მათ გაფუჭებას იწვევს. პირველი სერიული ბოილები, რომლებიც 30 წლის წინ გამოუშვა ინგლისურმა ფირმა „რიჩვორტმა“, სწორედ გაყინული ბოილები იყო. წელს მაქვს გეგმაში რომ დავამზადო ასეთი ბოილები პირდაპირ სენსასის საკვების ბაზაზე, ანუ ეგრევე ამ სმესში 7-8 კვერცხი, წყალი და ამ მასის ცომად ქცევის შემდეგ, მაცივრის საყინულეში მისი გაყინვა, ვნახოთ რა შედეგები იქნება, უნდა იმუშაოს უეჭველი
თერმულად დამუშავებულები
გამოჩენიდან მალევე ძალიან აქტუალური გახდა ბოილების ხანგრძლივად შენახვის საკითხი და იმავე ფირმამ შემოგვთავაზა ახალი პროდუქტი სახელწოდებით „Shelf Life“ (სიტყვასიტყვით „თაროს ბოილებს“ ნიშნავს), რომლის შენახვის ვადა რამდენიმე წლამდე იყო გაზრდილი. ეს იყო მოხარშული ბოილები, რომლებსაც შედარებით მყარი გარსი ჰქონდა და ამიტომ დაცული იყო წვრილი თევზისა და კიბორჩხალისგან. მაგრამ იგივე მყარი გარსი, ნაწილობრივ ხელს უშლის ატრაქტანტების წყალში გახსნას თევზაობის პირველი 2-3 საათის განმავლობაში, ანუ სანამ ბოილი არ შეიწოვს გარკვეული რაოდენობის წყალს. ეს არ არის ძალიან კრიტიკული. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, წყალში სხნადობის გაძლიერება უბრალოდ ბოილის ზედაპირის დასერვით ან მისი წინასწარი დამუშავებით თხევად აქტივატორში, თუმცა ასეთი ბოილების შემთხვევაში შედეგი გაცილებით გვიან მიიღწევა ვიდრე გაყინული ბოილების შემთხვევაში.
ბოილის ხანგრძლივი დუღილი უარყოფითად მოქმედებს მის ხარისხზე. პირველ რიგში, ინგრედიენტების ნაწილი, მაგალითად ამინომჟავები, კარგავს თავის თვისებებს, ხოლო ცხოველური ცილები იშლება. მეორე რიგში, მათი ნაწილი წყალში ხვდება. ამის თავიდან ასაცილებლად მსხვილ მწარმოებელთა უმრავლესობამ დუღილის პროცესი მაღალი წნევის ქვეშ ორთქლით დამუშავების პროცესით შეცვალა. ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგიაა და სახლის პირობებში პრაქტიკულად განუხორციელებელი. ასეთ შემთხვევაში ბოილების დამზადებისას აუცილებელია ბოილის ზომისა და მისი შემადგენლობის გათვალისწინებით მოხდეს დუღილის დროის მინიმიზირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ხარიასხიანი ბოილების დამზადებისას.
ქვემოთ მოვიყვან ზოგიერთ რეკომენდაციას:
ამ დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ რაც ნაკლებია დუღილის დრო, მით უფრო თხელი იქნება გარე ზედაპირის მყარი ფენა და მით უფრო რბილი გამოვა ბოილი. მისთვის მეტი სიმყარის მისანიჭებლად, რაც აუცილებელია „კობრის“ საშუალებით მისაჩვევი კვებისთვის ან დინებაში თევზაობისთვის, შეიძლება ძირითად ნარევში დამატებითი ინგრედიენტების, მაგალითად კვერცხის ალბუმინის – 5-10% ან მანანის ფქვილის – 10-20% შეტანა. რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ დუღილის დრო და შევინარჩუნოთ შემადგენლობის ხარისხი. ცივ წყალში სათევზაოდ გამოსაყენებელი ბოილების დამზადებისას სასურველია დუღილის დროის 20-30%-ით შემცირება.
თევზის ფქვილის ბოილები
დიამეტრი 14 მმ - 30 წმ-მდე
დიამეტრი 18 მმ - 60 წმ-მდე
დიამეტრი 22 მმ - 80 წმ-მდე
50/50 ნაზავის ბოილები
დიამეტრი 14 მმ - 80 წმ-მდე
დიამეტრი 18 მმ - 150 წმ-მდე
დიამეტრი 22 მმ - 240 წმ-მდე
ბოილების შემადგენლობა
ბოილების დასამზადებლად ძირითად ინგრედიენტებად იყენებენ სოიოს, მანანის ან სიმინდის ფქვილს, თევზის ფქვილს და ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ ფხვნილს, ფრინველის საკვებს (დაფქვილს). გარდა ამისა, ბოილების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მრავალი სხვა დამატებითი ინგრედიენტი: არომატიზატორები, დამატკბობლები, ატრაქტანტები და ა.შ. მათი გამოყენების რეკომენდაციები ცალკე სტატიის თემაა და მოგვიანებით მივუბრუნდებით. ახლა კი შევჩერდეთ ბოილების ოთხ ძირითად სახეობაზე.
– 1. მანანის (50%) და სოიოს (50%) ფქვილზე დამზადებული ბოილი.
მათ შემადგენლობაში შედის ნახშირწყლები, მცენარეული ცილა და ცხოველური ცილის გარკვეული რაოდენობა (კვერცხიდან). ამ საბაზისო ნარევთან კომბინაციაში, უმეტესწილად, გამოიყენება მძაფრი სუნის მქონე ხილის არომატიზატორები, რომლებზეც კობრი სწრაფად რეაგირებს. ასეთი ბოილები სწრაფადმოქმედ მაღალატრაქტიულ სატყუარებს განეკუთვნება. მათი მაქსიმალური ეფექტურობა მჟღავნდება მოკლევადიანი თევზაობის დროს, დაახლოებით 1-3 დღე-ღამის განმავლობაში, მათ შორის იმ წყალსატევებშიც, სადაც თევზი არ არის ბოილს მიჩვეული. მათ გადამუშავებას თევზი დაახლოებით 40 წუთს უნდება და პრაქტიკულად ვერ ნაყრდება, ამიტომაც თევზის დანაყრების საშიშროებაც პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი.
მეორეს მხრივ, კობრი კვების პროცესში დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს და მას სრულად ვერ აღიდგენს დაბალი კვებითი ფასეულობის მქონე ბოილების მიღებით. ამიტომ დამატებით მისაჩვევ საკვებად ბოილების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში თევზი მათზე სულ უფრო ნაკლებად რეაგირებს, რადგან გრძნობს, რომ გარკვეულწილად ატყუებენ. ადამიანისგან განსხვავებით, კობრი არ მოიხმარს აქტიურად იმას, რასაც მცირე სარგებლობა მოაქვს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია არა ათეულობით ბოილზე, არამედ ყოველი თევზის მიერ მიღებულ კილოგრამობით ბოილებზე, ეს კი არც თუ ჩქარი პროცესია. იმავე საბაზისო ნაზავში არომატიზატორის შეცვლა საშუალებას მოგვცემს პირვანდელ ეფექტურობას დავუბრუნდეთ. კვებითი ღირებულების გასაზრდელად შეიძლება საბაზისო ნაზავში სიმინდის ფქვილის დამატება, რომელშიც მეტი რაოდენობითაა მცენარეული და რძის ცილები.
მანანისა და სოიოს ფქვილის ბაზაზე დამზადებული ბოილი, მკვრივი სტრუქტურის გამო წყალში სწრაფად არ იშლება და 2-3 დღე-ღამე ინარჩუნებს მიმზიდველობას. მაღალატრაქტიულ სატყუარებს სწრაფი მოქმედების გარდა კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ეს ცივ წყალში, თევზის დაბალი აქტივობის პირობებში კობრის ჭერის ყველაზე ეფექტური ვარიანტია. (საუბარია ძირითადად ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე პერიოდში, როდესაც წყლის ტემპერატურა შედარებით დაბალია)
დასკვნა: მოკლევადიანი თევზაობისთვის, უცნობი წყალსატევების ასათვისებლად, წელიწადის ცივ დროს თევზჭერისთვის საუკეთესო ვარიანტია ხილის არომატის ბოილების გამოყენება, რომელიც დაბალი კვებითი ფასეულობის მქონე ნაზავისგან (50/50) არის დამზადებული.
– 2. თევზის ფქვილზე დამზადებული ბოილი
ისინი შემადგენლობით ყველაზე ახლოსაა თევზის ბუნებრივ საკვებთან. ცხოველური ცილები, რომელიც თევზის ფქვილის შემადგენლობაშია (60%-მდე) აუცილებელია კობრის ზრდისთვის. თევზის ორგანიზმი, რძის ცილებისგან განსხვავებით, მათ ადვილად ითვისებს განსაზღვრულ პროპორციამდე. საბაზისო ნარევში ცილების დოზირების გადაჭარბებამ, შესაძლოა, საჭმლის მონელების პროცესის გაუარესება გამოიწვიოს. ცილების გარდა შემადგენლობაში არის ცხიმები (15%-მდე), რაც აუცილებელია ენერგიის მარაგის შესავსებად. თევზის ფქვილზე დამზადებული ბოილი ისე სწრაფად არ მოქმედებს, როგორც მაღალატრაქტიული.
იმისთვის, რომ მასზე კობრის ჭერა აქტიური გახდეს, საჭიროა წინასწარ მისაჩვევ საკვებურადაც ამ ბოილების გამოყენება. ანუ თევზი მათ გარკვეულწილად უნდა მივაჩვიოთ.
პერიოდი, რომლის შემდგომაც თევზი აქტიურად იწყებს თევზის ფქვილის ბოილებით კვებას, პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, საერთოდ ჰქონდა თუ არა ასეთი ბოილები გასინჯული. ანუ თუ წყალსატევში თევზს უკვე კვებავდნენ საკმაო რაოდენობის თევზის ფქვილის, და თუნდაც სხვა არომატიზატორების შემცველი, ბოილებით, კობრს უფრო სწრაფი რეაქცია ექნება თქვენს დამატებით კვებაზე. როგორც წესი, ასეთ ბოილებში გამოყენებულ არომატიზატორებს არც თუ სასიამოვნო, ცხოველური სუნი აქვთ.
დაბალი კვებითი ღირებულების მქონე მაღალატრაქტიული სატყუარებისგან განსხვავებით, ცხოველური ცილების შემცველი ბოილების ეფექტურობა, დროთა განმავლობაში, მხოლოდ იზრდება. რაც უფრო მეტ ასეთ დამატებით საკვებს მიიღებს კობრი, მით უფრო სწრაფად დაიწყებს მის ბუნებრივ საკვებად აღქმას, რადგან ასეთი ბოილების შემადგენლობაში ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი შედის. და ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ, თუ ერთი და იგივე წყალსატევში თევზაობთ. თევზის ფქვილის ბოილის კიდევ ერთი დადებითი მხარეა ის, რომ მას ფხვიერი სტრუქტურა აქვს, რისი წყალობითაც ატრაქტანტები წყალში აქტიურად გამოიყოფა. მაგრამ ბოილი წყლით სწრაფად იჟღინთება და თუ კობრი არ არის, წვრილი თევზები ანადგურებენ.
ერთხელ მოვახერხე ექსპერიმენტის ჩატარება წყალსატევში, რომლის ნაპირთანაც 20-30 გრამიანი ლიფსიტები ცურავდნენ. გამოვიყენე ულტრა-პლექსის 20 მმ-იანი ბოილები, რომლებიც მანამდე 7-8 საათი მქონდა წყალში. ლიფსიტებმა მათ 40 წუთში გაავლეს მუსრი. ჩემთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი პატარა კობრები შეძლებდნენ 20 მმ დიამეტრის ბურთულებთან გამკლავებას. ამის მერე დავასკვენი, რომ არც ისე ადვილია ფხვიერი სტრუქტურის მქონე ბოილებით თევზის ჭარბად გამოკვება.
ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებების გარდა, თევზის ფქვილის ბოილებს ნაკლოვანებებიც აქვს. მათი გამოყენება დაბალეფექტურია ცივ წყალში თევზჭერის დროს. ასეთ პირობებში მათი გამოყენება საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. (ანუ საუბარია ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე როცა წყლის ტემპერატურა დაბალია)
ფხვიერი სტრუქტურა უარყოფითი ფაქტორია დინებაში ან ისეთ წყალსატევებში თევზაობისას, სადაც ბევრი კობრია, ამიტომ ასეთი ბოილების შემადგენლობაში საჭიროა დამატებითი ინგრედიენტების შეტანა. საბაზისო ნარევში შემკვრელის დამატება ფრინველის დაფქვილი საკვების ან რძის ცილის სახით არა მარტო გააადვილებს დამზადების პროცესს და გაამყარებს სატყუარას, არამედ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს მის შემადგენლობას.
დასკვნა: თევზის ფქვილზე დამზადებული ბოილების გამოყენება ოპტიმალურ არჩევანს წარმოადგენს ისეთ წყალსატევებში თევზჭერისას, სადაც შესაძლებელია თევზის წინასწარი მისაჩვევი კვება, ან წელიწადის თბილ პერიოდში ხანგრძლივი ვადით თევზაობის დროს. კობრი ეჩვევა ასეთ საკვებურს და გამოიყენებს მას უსასრულოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გაგრძელება იქნება
სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
ავტორი: ნიკა ჩლაიძე